თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავად ნიკა მელია სასამართლოში არ გამოცხადებულა.
16 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა .
დისკუსია სტატიის შესახებ